პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოში. ჩვენ მთავრობების დონეზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს. ჩემი ვიზიტი ერევანში ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო და მის შედეგებზე დღეს ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მოიტანს მეტ შედეგებს ჩვენს ხალხს შორის მეგობრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

რუსთაველის გამზირზე დასუფთავება დაიწყეს

editor

პეტრე ცაავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „წინასაარჩევნო განცხადებას უწოდებს“

editor

მაკო გომური – დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს – დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო?

editor